კალაძე: მშენებლობებზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

667

წინა სტატია

თბილისის მერს კახა კალაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ მედიასთან სამშენებლო კომპანიებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

“ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება, მაგალითისთვის, დღეს როცა რაიმე დარღვევები იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში მათ ეძლეოდათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ იყო 3 000 ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. დაგეგმილი ცვლილებებით პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარის ოდენობის. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული და მიუხედავად შეჩერებისა, კონკრეტული ინვესტორი კომპანია აგრძლებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა 25 000 ლარი იქნება, კერძო საკუთრებაზე – 20 000 ლარი. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, მაგალითად, ის რომ ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ. მაგალითად, ფასადის მოპირკეთების დროს, ყოველგვარი დამცავების გარეშე მუშაობენ. თვითონ მშენებლის ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ მუშაობდნენ. ეს ჯარიმები მგონია, რომ მოგვცემს შესაძლებლობას, რათა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. არსებობს ასევე მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასატეხია. ერთიანი თანადგომით მგონია, რომ ამას შევძლებთ. გვქონდა კონსულტაციები პრემიერთან, ეკონომიკურ გუნდთან და ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე შევხვდით მენაშენეთა ასოციაციას და გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა”, – განაცხადა კალაძემ.

მშენებლობების ახალი რეგულაციების შესახებ ცნობილი თებერვლის დასაწყისში გახდა.