ზუგდიდის საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის კვებაზე 1.60 ლარია გათვალისწინებული

836

ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. აქედან მილიონ 329 ათასი ლარი აღსაზრდელების კვებისთვისაა გამოყოფილი. დარჩენილი თანხა ხელფასზე და ჰიგიენის საშუალებებისთვის იხარჯება. ოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბაღებში 4 ათასი ბავშვი ირიცხება. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.

ზუგდიდის მერიის ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისგან განსხვავებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების კვების მენიუში ცვლილება არ შესულა.

დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, ერთი ბავშვისთვის დღეში იხარჯება: 30 გრამი შაქარი, 20 გრამი მაკარონი, 16 გრამი ბრინჯი, 7 მლ ზეთი, 4 გრამი ტომატი, 10 გრამი ხახვი, 5 გრამი მარილი, 13 გრამი კარაქი, 120 გრამი კარტოფილი, 26 გრამი კომბოსტო, 6 გრამი სტაფილო, 4 გრამი ჭარხალი, 3 გრამი კარამელი, 8 გრამი ყველი, 13 გრამი პურის ფქვილი, 11 გრამი წიწიბურა, 0,5 გრამი ნიორი, 0,3გრამი ჩაი, 42 გრამი ხორცი, 6 გრამი ფხვიერი ნამცხვარი [პეჩენია], 20 გრამი ვაშლი, 10 გრამი შესქელებული რძე, 100 გრამი პური, 10 გრამი თევზი, 6 გრამი ლობიო და თვეში 4 ცალი კვერცხი.

ცენტრმა იანვარში გამარტივებული ელექტრონული ტენდერით მხოლოდ თვენახევრის სამყოფი საკვები შეიძინა. როგორც მერიაში განმარტეს, ამის მიზეზი ქალაქისა და თემის გაერთიანებაა. ცენტრმა კვების პროდუქტების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ისევ გამოაცხადა. დღეში სამჯერადი კვებისთვის ერთ ბავშვზე 1.60 ლარი იხარჯება.