კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

1014

წინა სტატია

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს და  დადებითი რეკომენდაცია მისცეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით იზრდება, აქედან წინა წლის ნაშთი 34 მილიონ 256 ათასი ლარია, 576 ათასი ლარი კი ევროკავშირის გრანტია. ჯამურად 2018 წლის ბიუჯეტი იქნება 896 მილიონ 863 ათასი ლარი.

კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობამ“  თბილისის ორ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა, სადაც მათი თქმით, გარკვეული ხარვეზებია. ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმაზე, რომ გარკვეული ხარვეზები იყო დაკვეთებთან და შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

„სწორედ ამიტომ არის შეჩერებული ბევრი პროექტი და ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე, ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულა სამუშაოები,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სხდომაზე  კითხვები 100 ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებული ტენდერის შესახებაც დაისვა. მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალი ავტობუსები ხარისხით არაფრით ჩამოუვარდება აქამდე შემოყვანილ MAN-ის ტიპის ავტობუსებს. მისივე თქმით, ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარეობს განაცხადების დამუშავება.