კომპანიები კასპის მერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

728

კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ითხოვს, რომ სამშენებლო კომპანიებმა, მუნიციპალიტეტში გამარჯვების შემთხვევაში, სამუშაოებზე კასპელები დაასაქმოს. ამის შესახებ სპეციალური პირობები სატენდერო დოკუმენტაციაში 1 თებერვლიდან გაჩნდა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

სატენდერო პირობების მე-6 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმებულებიდან მინიმუმ 70% უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები.

ეს ნორმა არ ჩანს მაგალითად, 2018 წლის 31 იანვარს და მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სოფელ ხოვლესა და ხანდაკში საჭიდაო მოედნების რეაბილიტაციას ეხება. თუმცა, 1 თებერვლის შემდეგ, ქეჩარუხის დასახლებაში, მეტეხის, სამებისა და ქვათახევის ქუჩებზე დაგეგმილ საკანალიზაციო სამუშაოებზე, კომპანიამ ადგილობრივები უნდა დაასაქმოს. ეს სამუშაოები თითქმის 1 მლნ ლარს აღწევს.

შესყიდვების კომისიის წევრი და მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი ამბობს, რომ საკითხზე, მერიის სახელით, მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.

იდეას მოწინააღმდეგები უკვე გამოუჩნდნენ. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები თვლიან, რომ კასპის მერიის მოქმედება დისკრიმინაციულია და კანონს ეწინააღმდეგება. ისინი სატენდერო პირობებიდან აღნიშნული ნორმის ამოღებას ითხოვენ.

კასპის მერიაში ფიქრობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ და შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საჩივარი 20 თებერვალს განიხილება.