ა(ა)იპ-ებში თანამშრომლების ზრდაზე ზუგდიდის მერია განცხადებას ავრცელებს

1498

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სიცრუეს უწოდებს მერიის ა(ა)იპ-ებში თანამშრომლების რაოდენობის თითქმის 500-ით გაზრდის შესახებ ინფორმაციას. ამის შესახებ livepress.ge წერს.

როგორც „ლაივპრესს“ მერიაში განუცხადეს, 2017 წლის იანვრში, როცა თანამშრომელთა რაოდენობა 1 634 შეადგენდა, ეს ციფრი წლის ბოლოსთვის შეიცვალა და 2 154 ადამიანით განისაზღვრა. სწორედ ამ მონაცემთან შედარებით, ამჟამად ააიპ-ებში დასაქმებულია 22-ით ნაკლები პირი.

„განვმარტავთ, რომ 2017 წელს ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ა.ა.ი.პ-ებსა და შ.პ.ს-ებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 2 263 ადამიანს
(მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.ა.ი.პ და შ.პ.ს რაოდენობა ჯამში 1183 ადამიანი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ და შ.პ.ს რაოდენობა 1080 ადამიანი). გაერთიანების შემდგომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა.ა.ი.პ-ების და შ.პ.ს-ების რაოდენობა შეადგენს 2 222 ადამიანს (აქედან ა.ა.ი.პ არის 2132 და შ.პ.ს 90 ადამიანი)“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკადუას თქმით, წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა რამდენიმე ასეულით, კითხვის ნიშნებს ბადებს, რომელზეც პასუხი მერიამ უნდა გასცეს. იურისტი ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძვლები და აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მისცემდა ა(ა)იპ-ებს ამის შესაძლებლობას.

„რამდენად იყო ამის საჭიროება, ეს მერიამ უნდა დაასაბუთოს. 2017 არჩევნების წელი იყო. როცა წლის ბოლოსთვის იზრდება დასაქმებულთა რიცხვი, დასაბუთებული არგუმენტები უნდა ქონდეს ადგილობრივ ხელისუფლებას“, – თქვა ჯემალ ჭკადუამ.

თანამშრომელთა დაუსაბუთებლად ზრდის ტენდენციაზე საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც“, რაც მათი განმარტებით, მწირი ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არაეფექტურ ხარჯვას იწვევს:

„2017 წელს, როდესაც მიმდინარეობდა მსჯელობა თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებაზე ხელისფულების ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ააიპ-ებში გაზრდილი ბიუორკატია და ადმინისტრაციული ხაჯრები იყო, გვპირდებონენ მის შემცირებას, ნაცვლად კი შედეგად ვღებულობთ ზრდას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დიდი ხანია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტებში ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება, დასამებულთა რაოდენობის გაზრდა ხშირად გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გარეშე ხდება, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არაეფექტიან ხარჯვას იწვევს“, – ამბობენ ორგანიზაციაში. მათი თქმით, ცალკე პრობლემას წარმოადგენს ა(ა)იპ-ების „თანაშრომელთა აყვანის გაუმჭვირვალე პროცესი“, როცა ხელმძღვანელები საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებენ.