რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება

710

სტრასბურგში საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრები შერგელაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიონ იაგლანდთან და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტ ჰერვიგ ვანსტაასთან გამართა.

შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გაკეთდა. როგორც თენგიზ შერგელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, ამ რეფორმით რეალური დეცენტრალიზაცია მოხდება და სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითმმართველობები ჩამოყალიბდება. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და კონგრესის პრეზიდენტთან შეთანხმდა, რომ თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

ევროსაბჭოს ადგილობრივი დარეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტის ჰერვიგ ვან სტაას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შედგება ურთიერთობები რეგიონული მმართველობის საკითხებში, ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას, რომელსაც ახლა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი განიხილავს და რომელიც უნდა გახდეს დემოკრატიული მმართველობის გარანტი რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებში. “მინდა გითხრათ, რომ ახალი ხელისუფლება მიდის ამ მიმართულებით. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვქონდა მუდმივად საქართველოსთან და ახლაც საჭიროა, რომ ეს ურთიერთობები განვითარდეს და წარმოდგენილი პროგრამა დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს”, – აღნიშნა მან.

თენგიზ შერგელაშვილის თქმით კი, არსებობს დიდი ინტერესი ძალიან ბევრი თემის მიმართ, რომელიც საქართველოს, ახალი ხელისუფლების ხედვას და, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის, თვითმმართველობის განვითარებას უკავშირდება. “შეხვედრაზე ასევე, შევეხეთ იმ საკითხს, რომ უნდა შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა თვითმმართველობისთვის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა მივიღოთ და, შესაბამისად, მოვემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო დონეზე. დაშევთანხმდით, რომ იქნება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რაც დაგვაზღვევს იმ გაუგებრობებისგან, რაც ხშირად ცალკეულ დოკუმენტებში ჩნდება ხოლმე”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობას მიიღებს, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობასგანიხილავენ. მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.

 

იხილეთ რესურსი