ახალციხის მერიის ა(ა)იპ–ების 530–მდე თანამშრომელს იანვრის ხელფასი არ მიუღია

1303

ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, ახალციხეში რვა ა(ა)იპ–იდან ოთხი დარჩა: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებთა გაერთიანება, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება, წყალმომარაგება–წყალანირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ამ ოთხ ა(ა)იპ-ში ჯამში 530-მდე ადამიანიმუშაობს და მათ იანვრის ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ. ინფორმაციას “სამხეთის კარიბჭე” ავრცელებს.

რეორგანიზაციამდე ეს ა(ა)იპ–ები ცალ–ცალკე იყო ქალაქსა და თემში, რეორგანიზაციის შემდეგ კი ისინი გააერთიანეს და ხელმძღვანელები შეცვალეს.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრსა და საგადასახადოს ამ ა(ა)იპ–ების ხელახლა რეგისტრაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ და როგორც კი დარეგისტრირდებიან, ხელფასები გაიცემა.

ამ დრომდე დაზუსტებული არ არის ა(ა)იპ–ების საშტატო ნუსხა. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ საშტატო ნუსხები მას შემდეგ დამტკიცდება, რაც ა(ა)იპ-ების რეგისტრაციის პროცესი დასრულდება.

„რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მანამდე თემში 10 კაცი მუშაობდა, ქალაქში 14, მაგრამ, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ორივეგან იყვნენ დასაქმებული. საბოლოოდ საშტატო ნუსხა როგორ დამტკიცდება არ ვიცით“, – ამბობს “ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის”  ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

“წყალმომარაგებისა და წყალანირების” ხელძღვანელი ჯემალ გიორგაძე აცხადებს, რომ ხელფასის დარიცხვას მისი 14 თანამშრომელი ელოდება: „ქალაქში ექვსი და სოფლებში რვა კაცი იყო დასაქმებული. არცერთი შტატი არ გაუქმებულა. იუსტიციის სახლში უკვე ვიყავი, საჭირო დოკუმენტებზე ხელი მოვაწერე და რეგისტრაციის ვადის დასრულებას ველოდებით“.

419 თანამშრომელს აერთიანებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, – 218 ქალაქში, 211კი თემშია დასაქმებული. როგორც ამ ააიპ–ის ხელმძღვანელი ნატო ჩოხელი ამბობს, თანამშრომლები არც თემში და არც ქალაქში არ შეუმცირებიათ.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში 74 კაცია დასაქმებული. ააიპ–ის ხელძღვანელი გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს, რომ მათ შორის 40 თემში მუშაობდა, 34 კი ქალაქში: „საბოლოოდ როგორ დაამტკიცებენ საშტატო ნუსხას, ჯერ არ ვიცით. კუთვნილ ხელფასს კი ყველა მიიღებს, არავის დაეკარგება. სხვადასხვა პროცედურების გავლას სჭირდება დრო“.