„გიგი უგულავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია“, – რეგიონული განვითარების სამინისტრო

743

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს. „თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა დაგმო ის ინციდენტები, რასაც ადგილი ჰქონდა თვითმმართველობებზე, არასწორია. კონგრესმა დღევანდელ, 24-ე სესიაზე მიიღო რეკომენდაციები, სადაც ერთ-ერთ პუნქტად ჩაიწერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში არსებული ცვლილებები არ უნდა აისახოს ადგილობრივ თვითმმართველობებზე, კონგრესის რეკომენდაციით, უზრუნველოყოფილი უნდა იქნას თვითმმართველობის ქარტიის მოთხოვნები და განგრძობადობის პრინციპი.გარდა ამ რეკომენდაციისა, კონგრესმა სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა საქართველოს. მათ შორის, თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. კონგრესის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანი პროგრესია მისაღწევი დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით, რაც უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით. გარდა ამისა, მკაფიოდ ჩაიწერა შემდეგი შენიშვნები: სუბსიდიარობის პრინციპი ჯერ კიდევ არ არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში; არის დარგობრივი კანონები, რომლებიც მოსაყვანია შესაბამისობაში ორგანულ კანონთან თვითმმართველობების შესახებ; თვითმმართველობის საკუთარი რესურსები შეზღუდულია და მათი ფინანსური დამოუკიდებლობა არ არის უზრუნველყოფილი; გამოთანაბრების ფორმულა ვერ უზრუნველყოფს ღარიბი მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვას და მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი ტრანსფერების მოცულობა არ არის საკმარისი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.ეს შენიშვნები საქართველომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიმსახურა, რომ ხელისუფლების სათავეში ცხრა წლის განმავლობაში მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეგნებულად არ დაუშვა რეგიონების გაძლიერება და არ მისცა მათ ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ყოფილმა მმართველმა პარტიამ ამით მოახერხა, ბოლომდე კონტროლისა და პოლიტიკური გავლენის ქვეშ ჰყოლოდა მუნიციპალიტეტები.ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ კონგრესს, რომ ვაპირებთ რეალური თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმისგანხორციელებას ქვეყანაში, რაც ნამდვილად ჩამოაყალიბებს ფინანსურად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ მოქალაქეებზე ორიენტირებულ თვითმმართველობებს. ჩვენი ინიციატივები რეალურად იმაზე მეტი საკითხის გადაწყვეტას მოიცავს, ვიდრე ეს კონგრესის რეკომენდაციებშია ასახული“, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ რესურსი