ნანა ბაგალიშვილის ღია წერილი სიღნაღის მერს

1507

სამოქალაქო აქტივისტისა და “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილი ღია წერილი სიღნაღის მერს გოგი გოგილაშვილს

გამარჯობა, ბატონო მერო. მიხარია, რომ მშრომელი კაცი ხართ, ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობის გამოცდილებას ბევრი საქილიკოდ გიხსენებთ, მაგრამ შეეჩვიეთ, შრომა ჩვენთან დიდი ხანი იყო სათაკილო. მე კი გიწონებთ, რომ მუშად მუშაობის გამოცდილება გაქვთ. გლეხის ოჯახის შვილი ვარ და ვიცი პატიოსანი შრომის ფასი.

გამიხარდებოდა, რომ გამოცდილება გქონოდათ სისტემის მართვასა და მენეჯმენტში. რადგან მამაჩემიც ერთი მშრომელი, ალალი, მართალი გლეხი კაცია, მაგრამ გამგებლობას/მერობას თუ მოინდომებდა, მეცოდინებოდა, რომ ძვირფასი მამაჩემიც ბევრ შეცდომას დაუშვებდა ჩემივე ძვირფასი მუნიციპალიტეტის მართვაში.

მეც თქვენი შვილების ასაკისა ვარ და გეცოდინებათ, ეს თაობა როგორი შეუვალები ვართ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ჩვენი მშობლების თაობის შეცდომებით დაღლილი თაობა ვართ, ამიტომ გავრბივართ სოფლიდან ქალაქში, ქალაქიდან ევროპაში, ან ამერიკაში, ან სადმე შორს, სადაც მარტივია დავიწყება ვისი გორის გაჭირვებისა და შეცდომების შვილი ხარ.

ძალიან აღარ მინდა, ჩემი მშობლების თაობამ, რომელმაც ჩემი თაობის ბედი უნდა გადაწყვიტოთ, აწი, მომდევნო 4 წელი, კიდევ ისეთი შეცდომა დაუშვათ, რაც მეტ მუხტს მოგვცემს, ჩვენც გავიქცეთ სწრაფად და უკანმოუხედავად.

ჩემს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი, რომ ახალგაზრდებს გვისმენდნენ! მხოლოდ ერთხელ, გესმით?! მხოლოდ ერთხელ! მხოლოდ მაშინ ვიგრძენი როგორი იყო დემოკრატია, როგორი იყო თანამონაწილეობითი მმართველობა. მას მერე მგონია, რომ ჩვენ, ახალგაზრდულმა ჯგუფებმა შეგვიძლია ბევრი „ცოდნის კაფე“ გავაკეთოთ, ბევრი მაჩხაანის თეატრის მგავსი სივრცეები დავიცვათ, ბევრი ფესტივალი ვაკეთოთ, ბევრი ახალი ცოდნა და გამოცდილება ჩამოვიტანოთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს რუქაზე სიღნაღი იმიტომაც, რომ ხელისუფლებაში ეკა ჩახნაშვილები დაგვეგულვნენ.

თუ მისი პირდაპირობა არ მოგწონთ ბატონო მერო, გეტყვით, რომ პირფერების უფრო უნდა გეშინოდეთ. ყველა თქვენს თანამშრომელს უყვარდა ეკა, მაგრამ ახლა მასთან დაკავშირებით დაწერილი პოსტებისაც კი ეშინიათ ბატონო მერო, ასეთების უფრო უნდა გეშინოდეთ და გვეშინოდეს. ასეთები სწორედაც რომ ჩვენს ცუდს მალავენ და ამიტომ ვერასდროს მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა წინ. ეკა წაიყვანდა.

ერთ დღეს ამ იმედს შენი ხელისუფლების სივრცეში რომ მოგიკლავენ, ვინც არ უნდა იყოს მკვლელი, ბრაზდები, სასტიკად ბრაზდები! დიახ! ძალიან საშინელი განცდაა ახალგაზრდებისთვის, შენს ლამის ერთადერთ იმედს შენზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში შენივე მერი(ან გარემოცვა) გიკლავდეს!

როცა დაუცველობის ამ ემოციურმა ფონმა გადამიარა ბატონო გოგი, მივხვდი, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეთ.
და იცით რატომ? იმიტომ, რომ ამ ეპოქაში, სადაც სოციალურ მედიას (FB) უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე რომელიმე მაგნატის ტელევიზიას, ამ სოციალურ მედიაში თქვენმა გადაწყვეტილებამ, გაგეთავისუფლებინათ ეკა ჩახნაშვილი მერის (გამგებლის) მოადგილის პოზიციიდან, გაგვაერთიანა ქალები, ახალგაზრდები, ჩაგრული ჯგუფები, რომ გვეგრძნო ძალა, რითაც ჩვენს იმედს დავიცავდით. თქვენმა გადაწყვეტილებამ, ჩვენს მუნიციპალიტეტში პირველად მაგრძნობინა საზოგადოების ასეთი ურთიერთსოლიდარულობა და სინერგია. მადლობა ბატონო მერო, ამ სოლიდარობის შექმნის პროვოცირებისთვის.

თუმცა, თქვენ ამ გადაწყვეტილებით აჩუქეთ თქვენს თავს შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებს, ამ მუნიციპალიტეტისთვის საქმის მაკეთებელ ჯგუფებს, გაჭირვებულებს გვითხრათ, რომ თქვენ გვისმენთ და იღებთ გადაწყვეტილებას, თქვენს გუნდში გყავდეთ ჩვენი ინტერესების დამცველი და ამით მეტი ქომაგი გაგვიჩინოთ მუნიციპალიტეტის თანამართვაში.

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ პოლიტიკური კონტექსტი სიღნაღში და აჩვენოთ თქვენი გუნდის წევრებს, რომ თუ თავდადებით იშრომებენ ხალხისთვის და ხალხთან ერთად, თქვენ მათ აღიარებთ. თუ არ დააფასებთ მაკეთებლებს, ეკა ჩახნაშვილს ან სხვა ეკა ჩახნაშვილებს, თქვენ გეყოლებათ დემოტივირებული გუნდი. თქვენ თუ მხოლოდ და მხოლოდ პარტიის დროშის მოფრიალე ხალხს დააწინურებთ, ერთხელ და სამუდამოდ გაგვითხრით უმოძრაობის სასაფლაოებს. ისე კი, მხოლოდ დროშის მოფრიალეები რომ საქმეში ხშირად დიდად ვერ ვარგობენ, მაგას თქვენზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც დაგიდასტურებენ.

ბატონო მერო, მადლობა, რომ გაგვაერთიანეთ. ასეთ მუხტს საზოგადოება იშვიათად ვგრძნობთ ხოლმე, ამიტომ მზად ვართ ვიბრძოლოთ – ჩაგრული და მაკეთებელი ჯგუფების ინტერესების დამცველი ეკა ჩახნაშვილები გყვავდნენ სიღნაღის მერიაში. ამ გზაზე ვერ გავჩერდებით და არც გავჩერდებით! და თქვენ რომ იტყვით, მოდი ერთად ვიშრომოთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავადო, იქნებით სამაგალითო, საჩვენებელი მერი. თუ ამას ახლა არ გააკეთებთ, მაინც საჩვენებელი მერი ინქებით, რომ ცოცხალ გვამთა სასაფლაოს ქმნით.

მე მაინც მჯერა, რომ ახალგაზრდებს, ქალებს, გაჭირვებულებს პატივს სცემთ და მოგვცემთ უფლებას, რომ ჩვენი ხმა გესმოდეთ. თუ ეს ახლა არ მოხდა, ხვალ მაინც მოხდება უბრალოდ „ხვალამდე“ გასავლელი გზა დაგრძელდება.
არ გეგონოთ ბატონო მერო, თქვენს უფლებამოსილებაში ვერეოდეთ, მაგრამ გაგვიგეთ, ჩვენი ინტერესების დამცველი ერთადერთი ქალბატონი გაგვითავისუფლეთ და ჩვენც ინტერესებს ვიცავთ, ბოლომდე დავიცავთ. სად გაგონილა ბატონო მერო, ძალით მიაქანებდე საკუთარ მუნიციპალიტეტს უკან, არც თუ ისე კარგი დროებისკენ.

რამდენიმე წლის წინ იმავე მთავრობამ, რაც ამჟამად მუნიციპალიტეტშია, თქვენს მიერ გათავისუფლებული მოადგილეები მიიჩნია ყველაზე მნიშვნელოვან, კომპეტენტურ პირებად, ჩააბარა ჩვენი მუნიციპალიტეტი. ახლა, როცა მთავრობა არ შეცვლილა, არ შეცვლილა მართველი პარტია, 4 წლის წინ ყველაზე მნიშვნელოვან პირებს(მაშინ, როცა იცით, როგორ ჭირს ადამიანური რესურსი მუნიციპალიტეტში) ჩამოართვა ყველანაირი ფუნქცია? ასე გვილხინს მუნიციპალიტეტში, რომ სახლში გავუშვათ ასეთი კადრები? და თუ სახლში ვუშვებთ, ე.ი. ვაღიარებთ რომ წინა 4 წელი არაკომპეტენტურ ადამიანებს ვებარეთ მოქალაქეები?!

არ გვყავს ასე ერთი ხელის მოსმით გასაყრელი ხალხი მუნიციპალიტეტში, ბატონო მერო!

თქვენს პასუხსა და გადაწყვეტილებას ველით თქვენივე მუნიციპალიტეტელები.

წყარო: რადიო “ჰერეთი”