კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტზე მდებარე ყოფილი სანატორიუმი “ლიბანი“ აუქციონზე იყიდება

1026

პროექტ “50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი სანატორიუმი “ლიბანი“ აუქციონზე იყიდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უძრავი ქონების საწყისი ფასი 937 000 ლარია.

ამავე წყაროს თანახმად, აუქციონში გამარჯვებული ტერიტორიაზე არანაკლებ 70 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას უზრუნველყოფს, რისთვისაც 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

“პროექტ “50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 44 906 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 69 200 000 ლარს შეადგენს”,-აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

ცნობისათვის, კურორტი ლიბანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1370 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 20 კმ-ით. კურორტის ტერიტორია ხშირი წიწვიანი ტყეებით დაფარული პლატოა.