ბორჯომის სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

686

ბორჯომში, სოფელ დვირში, სადაც 298 კომლი ცხოვრობს და 25–მდე აღსაზრდელია, ადგილობრივები ბაღის აშენებას ითხოვენ. სოფელში ბაღის ყოფილი შენობა ამორტიზებულია და 11 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სოფლის მცხოვრებლები ასევე ითხოვენ, რომ ბაღის აშენებამდე ბორჯომის ბიუჯეტიდან თანხა გამოეყოთ, რათა ბავშვები მეზობელ სოფლებში ან ბორჯომში ატარონ ბაღში. გამოცემის ცნობით, ამჟამად დვირიდან ბორჯომში, ლიკანის საბავშვო ბაღში, ცხრა ბავშვი დაჰყავთ.

„თითო ოჯახს ბავშვის ბაღში ტარება 85–დან 100–ლარამდე უჯდება თვეში. ამისი საშუალება ყველას არ გვაქვს. ამიტომ თვითმმართველობამ თვეში დაახლოებით 800 ლარი რომ გამოგვიყოს, ბავშვების ბაღში ტარებას შევძლებთ“, – ამბობს დვირში მცხოვრები ნინო ხუბულაშვილი.

ბორჯომის საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ სანამ ეს საკითხი საკრებულოში მერიიდან არ შევა დასამტკიცებლად, იქამდე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

„სანამ ბაღი აშენდება სოფელში, მზად ვართ, რომ დავუჭიროთ მხარი ტრანსპორტირებისთვის თანხის გამოყოფას. ახლა აქ დეპუტატების უმრავლესობაა წარმოდგენილი და გეუბნებით, რომ ამ საკითხს დადებითად გადავწყვეტთ, მაგრამ ამისთვის ჯერ მერიას უნდა მიმართოთ, რომ იქიდან ეს საკითხი ჩვენთნ დასამტკიცებლად შემოვიდეს“, – მიმართა ადგილობრივებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მაია პაიჭაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის ბაღების მშენებლობა–რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარია გათვალისწინებული: „პროგრამულ ბიუჯეტშიცაა თანხა გაწერილი დვირის ბაღის მშენებლობისთვის და სამუშაოები წელს დაიწყება კიდეც“.  რაც შეეხება ბაღის აშენებამდე ტრასნპორტირებისთვის თანხის გამოყოფას, მერიაში ამბობენ, რომ ხარჯთაღიცხვის შედგენაზე უკვე მუშაობენ.