ახმეტაში პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტზე საჯაროდ იმსჯელებენ

1114

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ერთი ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრა 20 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.

ახმეტაში საჯაროდ განსახილველი პროექტი ძიბახევი-ხადორის ხეობის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია/მშენებლობას მოიცავს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთი სოფელ ბირკიანის ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს (მდინარის მიმართულების საპირისპიროდ) და დასრულდება ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ძიბახევი – ხადორის გზის რეკონსტრუქცია სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის პროექტის ნაწილია. მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობაზე, დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა. გზა პანკისის სოფელ ბირკიანიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და სავარაუდოდ, წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა, რის შემდეგაც სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობას შეუერთდება.