თენგიზ შერგელაშვილმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

417

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიონ იაგლანდს და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტ ჰერვიგ ვან სტაას შეხვდა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გაკეთდა. როგორც შერგელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, ამ რეფორმით მოხდება რეალური დეცენტრალიზაცია და სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითმმართველობები ჩამოყალიბდება. ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და კონგრესის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

„საქართველოს უკვე ოცი წელია ვიცნობ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ შედგება ჩვენი ურთიერთობები რეგიონული მმართველობის საკითხებში, ყურადღება დავუთმეთ იმ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას, რომელსაც ახლა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი განიხილავს და რომელიც უნდა გახდეს დემოკრატიული მმართველობის გარანტი რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებში. მინდა გითხრათ, რომ ახალი ხელისუფლება მიდის ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჰერვიგ ვან სტაამ.

თენგიზ შერგელაშვილის თქმით, არსებობს დიდი ინტერესი ბევრი თემის მიმართ, რომელიც საქართველოს, ახალი ხელისუფლების ხედვას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის თვითმმართველობის განვითარებას უკავშირდება. „შეხვედრაზე ასევე, შევეხეთ იმ საკითხს, რომ უნდა შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა თვითმმართველობისთვის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა მივიღოთ და შესაბამისად მოვემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო დონეზე და შევთანხმდით, რომ იქნება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ. მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.

იხილეთ რესურსი