ქობულეთში უნებართვო ობიექტების იძულების წესით დემონტაჟი განხორციელდება

465

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოავლინა სხვადასხვა სახის უნებართვო სეზონური ობიექტი, რომლის მფლობელებსაც დემონტაჟთან დაკავშირებით შეტყობინებები დაეგზავნათ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ზედამხედველობითი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

ამავე წყაროს მიხედვით, შეტყობინება გაგზავნილია 42 სუბიექტზე, მათ შორის 26-მა სუბიექტმა უკვე მოახდინა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი, 3 სუბიექტი დაჯარიმებდება და უნებართვო ობიექტების იძულების წესით დემონტაჟი განხორციელდება. ხოლო 13 სუბიექტთან ხელმეორედ დაიგზავნა შეტყობინებები, რომლებსაც დემონტაჟის ბოლო ვადად 15 თებერვალი განესაზღვრათ.

“ობულეთში ასევე გამკაცრებულია სამშენებლო ზედამხედველობა. დღეის მდგომარეობით, 7 სამშენებლო სამართალდარღვევის მიმართ საჯარიმო სანქცია ამოქმედდა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე გატანის მომსახურეობაზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმდა 720 ხელშეკრულება.

ჩატარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მონიტორინგი. გამოვლინდა მოუწესრიგებელი მიწის ნაკვეთები. მესაკუთრეებს დაეგზავნათ შეტყობინებები ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების მიზნით. 12-მა სუბიექტმა შეასრულა მითითება, 8-ს კი კვლავ გაფრთხილების მიცემა დასჭირდა”,-წერია ქობულეთის მერიის ინფორმაციაში.