ზუგდიდში, საბავშვო ბაღის ბაზაზე ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა

416

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ, №15 საბავშვო ბაღის ბაზაზე ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, რვა აღსაზრდელზე გათვლილი ჯგუფი 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ფუნქციონირებს და სააღმზრდელო პროცესს შესაბამისი კვალიფიკაციის აღმზრდელები სპეცმასწავლებლებთან ერთად უძღვებიან.

“საერთაშორისო ორგანიზაცია ჩეხეთის კარიტასმა ინტეგრირებული ჯგუფის გახსნისათვის 4 820 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით სპეციალური ინვენტარი, სათამაშოები და სხვა საჭირო მასალები შეისყიდეს. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, პროექტის, “საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება”,-წერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.