მარტვილის საკრებულომ საწვავი გაუქმებულ ფრაქციასა და კომისიაზე, აგრეთვე, შვებულებაში მყოფ თანამშრომლებზე გასცა

469

აუდიტის სამსახური მარტვილის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში მოაწესრიგოს საბუღალტრო აღრიცხვა. უწყებამ მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. მათ შორის, გამოიკვლია 2016 წელს “წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობაც და დარღვევებიც გამოავლინა.

კერძოდ, დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რაც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე, დაქირავებულების რაოდენობა “თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილ ზღვრულ ნორმას აღემატება.

გარდა ამისა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას რამდენჯერმე აღემატება.

ასევე, დასკვნის თანახმად, რამდენიმე შემთხვევაში საწვავი გაცემულია საკრებულოს ფრაქციასა და კომისიაზე მათი გაუქმების შემდეგ, ასევე, თანამშრომლებზე მათი შვებულებაში ყოფნის დროს.

„შედეგად, მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები არ დაიცვა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე“, – წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტმა საჯარო მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, აღნიშნული პირები გამგეობის შესაბამის თანამდებობებზე აღადგინეს და მათზე იძულებითი განაცდური, საადვოკატო მომსახურების და სხვა ხარჯები გაიცა.

„მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ, კანონმდებლობის შეუსაბამოდ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გაიწია.

მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით და ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე ყოვლისმომცველ გავლენას ახდენენ. წინამდებარე ანგარიშში განხილულია აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები ვრცელი ფორმით და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები“, – აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შრომითი ხელშეკრულებით პირები არ უნდა დაიქირაონ კანონმდებლობით დადგენილი ზღვრის დარღვევით, ამასთანავე, ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ მხოლოდ დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხარჯის ანაზღაურება არ უნდა მოახდინოს შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, აუდიტის სამსახური მარტვილის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, სამართლიანი და უტყუარი ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა), გონივრულ ვადაში მოაწესრიგოს საბუღალტრო აღრიცხვა და ასახოს შესაბამისი ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში აუდიტის ანგარიშში აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით; ასევე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომ სტრუქტურულ ერთეულებს ჰქონდეთ მუდმივი და გამართული კომუნიკაცია, რათა საბუღალტრო სამსახურს დროულად და სრულად მიეწოდოს ბუღალტრული აღრიცხვისათვის აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.