მარნეულში კენკრის ახალი ბაღი გაშენდა

381

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მარნეულში კენკრის ახალი ბაღი გაშენდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  ამავე წყაროს თანახმად, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ამხანაგობამ “ქართული კენკრა“, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოს და მაყვლის ბაღი 7 ჰა-ზე გააშენა.

“ქართული კენკრა“ პროგრამაში – “დანერგე მომავალი“ 2017 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53,305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35,805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17,500 ლარი-წვეთოვანი სისტემებისთვის.

ამხანაგობა 3 ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს, საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულბით დაეწყოთ და კენკრის ბაღი გააშენეს.

პროექტის – “დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4,293 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22,271,868 მილიონ ლარს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს “ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას”, – წერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.