აუდიტის სამსახური: ვანში 2015 წელს დაწყებული სტადიონის მშენებლობა არ დასრულებულა

583

წინა სტატია

აუდიტის სამსახურის დაკვნაში კიდევ ერთ დაუსრულებელ პროექტზეა საუბარი. კერძოდ, 2015-2016 წლებში სოფელ სალხინოში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,  სპორტული მოედნის მოწყობის მიზნით, სხვადასხვა ხელშეკრულებით შესყიდულია 3.5 ათასი ლარის ღირებულების მასალები.

აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო, შედეგად აღმოჩნდა, რომ შეძენილი მასალების ნაწილი გამოყენებულია, ხოლო ნაწილი (შემოღობვის მასალები), 2017 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაწყობებულია და ობიექტი დასრულებული არ არის.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, პროექტის დასასრულებლად საჭირო იყო სტადიონის ტერიტორიაზე გრუნტის შეტანა და გაშლა, რომლის შემდეგაც ტერიტორია შემოიღობებოდა. რადგან 2016 წლის „სოფლის მხარდაჭრის პროგრამით“ გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი, შეძენილი შემოღობვის მასალები დასაწყობდა ერთ-ერთ ოჯახში, ხოლო სტადიონის ტერიტორიაზე გრუნტის შეტანისა და გაშლის სამუშოები მომდევნო წლისათვის დაიგეგმა.

„2017 წელს „სოფლის მხადრაჭერის პროგრამა“ აღარ გაგრძელებულა, ხოლო მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი რესურსებით ვერ უზრუნველყო სტადიონის ტერიტორიაზე გრუნტის შეტანა. შედეგად, 2015 წელს დაწყებული სტადიონის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტმა ვეღარ დაასრულა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ თავისი არსით არ იყო მრავალწლიანი, შესაბამისად, მისი დაფინანსება მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მომდევნო წლებში აღარ გაგრძელებულიყო. ვანის მუნიციპალიტეტს სამუშაოების დაგეგმვისას უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, პროექტი არ უნდა დაგეგმილიყო იმ გათვლით, რომ მისი დასრულება მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ იქნებოდა შესაძლებელი. ვანის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა პროექტის დაგეგმვისას ვერ გაითვალისწინეს საჭირო ფინანსური რესურსები, რამაც გამოიწვია ის რომ, გამგეობის მიერ 3.5 ათასი ლარი გაიხარჯა არაეფექტიანად და მოსახლეობამ დროულად შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ ისარგებლა“,- აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა გამოიყენა დასაწყობებული შემოღობვის მასალები და 2017 წლის სექტემბერში შემოღობა სოფელ სალხინოს სტადიონი.

“ვანის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე, განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა.

ამასთანავე, მასალების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა დააწესოს კონტროლი შესყიდული მასალის გამოყენებაზე და შეიმუშაოს სტრატეგია დაგეგმილი პროექტის სათანადოდ შესასრულებლად. რაც ხელს შეუწყობს თავიდან აიცილოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი მატერიალური სიკეთის მოსახლეობისთვის დროულ და ხარისხიან მიწოდებას“,-წერია აუდიტის სამსახურის დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილში.