გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე ახალციხის საკრებულოს კერძო ადვოკატიც დაიცავს

724

წინა სტატია

ახალციხის საკრებულოს ინტერესებს, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე, ახალციხის სასამართლოში, უწყების იურისტთან ერთად, კერძო ადვოკატიც დაიცავს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საკრებულოში არ აკონკრეტებენ კერძო ადვოკატის მომსახურების ხარჯებს, თუმცა სავარაუდოდ, ფასი 2000 ლარიდან იწყება.

საქმეში კერძო ადვოკტის ჩართვის შესახებ ცნობილი სასამართლოს 9 თებერვლის სხდომაზე გახდა. ახალციხის საკრებულოს ინტერესებს ამიერიდან, სასამართლოში, საკრებულოს იურისტ თინათინ ლეკიშვილთან ერთად, პაატა კიკვიძე დაიცავს.

კიკვიძის ჩართვას საქმეში, საკრებულოში „მოსალოდნელი უხერხულობების თავიდან აცილების“ მოტივით ხსნიან. „ჩვენი იურისტის კვალიფიკაციასთან პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ, ის და ეკა ტატალაშვილი წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მუშაობდნენ, ამიტომ სხვადასხვა უხერხულობები თავიდან რომ ავიცილოთ, ასე ჩავთვალეთ საჭიროდ“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ადვოკატის ჩართვის გამო მოპასუხე მხარემ 9 თებერვალს სხდომის გადადება ითხოვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ახალციხის საკრებულო სხდომის გადადებას ითხოვს.

საქმეზე მომდევნო პროცესი დღეს გაიმართება.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, მერიაში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანჯირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, მერიაში, არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.

ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებთ განაცდურის ანაზღაურებაა.