ბაღდათი–აბასთუმნის გზის დარჩენილი 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს

1055

ბაღდათი–აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია 2020 წლამდე უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის გზის პროექტირება მიმდინარეობს, თუმცა, რა თანხით განხორციელდება მშენებლობა, ჯერ გარკვეული არ არის. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც რთულია განსზაზღვრა დაიწყება თუ არა სამუშოები ამ მონაკვეთზე 2018 წლის ბოლომდე.

“პროექტზე მუშაობის ვადა ჯერ აქვთ, აქ გზა ნაკრძალის ტერიტორიაზე გადის და ამიტომ შედარებით მეტი დრო მიაქვს მუშაობას. ქუთაისის მხარეს 20 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ადიგენის მუნიციპალიტეტში კი ხუთი კილომეტრზე დაიგო გზა. დანარჩენ 60 კილომეტრზე ტენდერი ერთიანად გამოცხადდება თუ არა, ჯერ არ ვიცით, შესაძლოა, მონაკვეთებად დაიყოს”, – ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 60 მილიონი დოლარი იქნება.  „შესაძლოა ბიუჯეტიდან გაიწეროს ეს თანხა, ან დონორი იქნეს მოძიებული, ჯერ გაკრვეული არ არის“, – აცხადებენ საავტომობილო გზები დეპარტამენტში.

პროექტის დასრულების შემდეგ ადიგენიდან ქუთაისის მიმართულებით დრო მინიმუმ ერთი საათით უნდა შემცირდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარების კუთხით იქნება.

ქუთაისში, საღორია-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია 8-9 თებერვალს დასრულდა და დასრულებული გზა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.