იმერეთის მუნიციპალიტეტების ნაწილის ვებგვერდები არ მუშაობს, ნაწილს კი ინფორმაცია სრულად არ უდევს

იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდების ნაწილი არ მუშაობს, ზოგს საიტზე საჯარო ინფორმაცია სრულად არ აქვს მითითებული. მუნიციპალიტეტები ვებ-გვერდზე აქტიურად არც მიმდინარე მოვლენების შესახებ ათავსებენ ინფორმაციას. უმრავლეს შემთხვევაში კი აქტივობების გასაშუქებლად სოციალურ ქსელს ირჩევენ. მუნიციპალიტეტის მომუშავე და უფუნქციო ვებ-გვერდების შესახებ სტატია kutaisipost.ge-მ მოამზადა.

ვებ-გვერდები,  რომელებიც არ მუშაობს
სოციალური ქსელით ავრცელებენ ინფორმაცის ბაღდათის მუნიციპალიტეში.  bagdati.gov.ge ოთხი თვეა გათიშულია.  ბაღდათის მერიაში ამბობენ, რომ ახალი ვებსაიტის შექმნა იგეგმება, თუმცა, როდის ვერ აკონკრეტებენ.

„ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს და შემდეგ შეიქმნება ახალი გვერდი. მანამდე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით გავავრცელებთ”,  – განმარტავს ბაღდათის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაცაცო გიორგაძე.

უკვე მეორე დღეა არ მუშაობს არც წყალტუბოს მერიის ვებ-გვერდი. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ტექნიკური პრობლემების გამო გვერდი გათიშეს და მისი აღდგენა  ერთ კვირაში უნდა მოხდეს.

ვებ-გვერდები, სადაც საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად არ არის განთავსებული

ზესტაფონის მერია საკუთარ ვებ-გვერდზე აქტიურად აქვეყნებს  მასალებს მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და გზების რეაბილიტაციის შესახებ.  თუმცა, საიტზე ვერ იპოვით ინფორმაციას  მერისა და  მისი მოადგილეების შესახებ.  სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია კი 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა.  ზესტაფონის მერიაში ამბობენ, რომ საიტი  სრულყოფილად  მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ამუშავდება.

11 თვის წინ გამოაქვეყნა ახალი ამბავი  თერჯოლის მუნიციპალიტეტმა.  ვებ-გვერდზე  ასევე არ ფიქსირდება ინფორმაცია მერიისა და   საკრებულოს სამართლებრივი აქტების და პროექტების შესახებ. საიტზე მხოლოდ პროგრამული გრაფებია ხელმისაწვდომი, რომელიც შესაბამის ინფორმაციას არ შეიცავს.  მსგავსი სიტუაციაა, განცახადებების და აუქციონების გრაფაში გადასვლის შემთხვევაშიც. თერჯოლის საკრებულოში არ უარყოფენ, რომ  საიტი შეფერხებით მუშაობს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერზე სიახლეები ეტაპობრივად ქვეყნდება.  მუშაობს საიტზე მითითებული ყველა ველი, თუმცა, არასწორია ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების რაოდენობის შესახებ. მერიის ვებ-გვერდის მიხედვით, სამტრედიის წარმომადგენლობით ორგანოს ჯერ კიდევ  ცხრა ფრაქცია აქვს. სინამდვილეში კი მათი რაოდენობა უკვე  ექვსამდეა შემცირებული. მერია პასიურად ათავსებს ინფორმაციას საკრებულოს სხდომების შესახებაც. საიტზე, ბოლოს, 17 დეკემბერს გამართული საკრებულოს სხდომის შესახებაა ინფორმაცია.
სამტრედიის მერიაში აცხადებენ, რომ საიტს მუდმივად ანახლებენ, ეს ხარვეზები კი შემთხვევითობაა.

10 თებერვალს გამოქვეყნდა ბოლო ინფორმაცია ტყიბულის მერიის ვებ-გვერდზე, რომელიც  გელათში ძიუდოს დარბაზის გახსნას შეეხება. პროგრამული  გრაფების პრობლემა ტყიბულის ვებ-გვერდსაც აქვს.

კერძოდ, მითითებული განმარტების გახსნისას  მხოლოდ წარწერა ჩნდება და გახსნილ გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია არ არის მითითებული. ამასთანავე, tkibuli.ge-ზე  წინასწარაა მითითებული  2014- 2020 წლის ბიუჯეტი,  თუმცა,  არც ერთი მათგანი ინფორმაციას არ შეიცავს. ტყიბულის მერიაში აცხადენებ, რომ ვებ-გვერდზე განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა,  როდის დასრულდება ჯერჯერობით არ იციან.

მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდებზე, ასევე, დატანილია საინფორმაციო კუთხე, სადაც მეერიისთვის წერილის მიწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საიტის ეს ფუნქცია kutaisipost.ge-მ გამოიყენა და ჭიათურის მერიას კითხეს, რატომ არ იყო საიტზე სრულფასოვანი ინფორმაცია განთავსებული, თუმცა, წერილის მიწერიდან დღესაც კი გამოცემას კითხვებზე პასუხი არ მიუღია.

რას ავალდებულებს მუნიციპალიტეტბის ვებ-გვერდებს კანონი

თვითმმართველ ორგანოებს ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება ზოგადი ადმინისტრაციული და  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით აქვთ აღებული. კოდექსი თვითმართველობის ერთეულებს  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ავალდებულებს.

მსგავსი სიახლეები