შიდა ქართლის გუბერნატორის მანქანებს ტექმომსახურება წელიწადში 60-ჯერ დასჭირდათ

752

მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა, უწყებას ტექმომსახურება 60-ჯერ დაჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

ჯამში, ტექსმომსახურებაზე 2017 წლის 3 თებერვლიდან (დანიშვნიდან) დღემდე დაახლოებით 22 200 ლარი გაიხარჯა. გამოცემის ცნობით, ხელშეკრულებებია გაფორმებულია კომპანიებთან: ,,მოქლონი“, ,,მოტოსტარტი“, ,,იბერია ავტო“, ,,იბერია ლენდი“, ,,თეგეტა მოტორსი“, ,,ტოიოტა ცენტრი“ და რამდენიმე ინდმეწარმესთან.

ყველაზე მეტი მომსახურება ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ LC 200″-ს დაჭირდა, რომელიც 2012 წლის გამოშვებაა და გუბერნატორს ემსახურება. ამ მანქანის მომსახურების თაობაზე 20 ხელშეკრულებაა დადებული, მათ შორის, ხუნდების, დისკების, ძრავის ზეთების, საბურავების და ა.შ. შესყიდვაზე.

22 ათასი ლარიდან 6 586 ლარი კონკრეტულად ,,ტოიოტა LC 200″-ს ხუნდებს, საბურავებს, ზეთებს და ა.შ. მოხმარდა. მაგალითად, ძრავის ზეთი სამჯერ გამოცვალეს: მარტში, ივლისში და აგვისტოში.

გუბერნატორი იყენებს ასევე კიდევ ერთ ,,ტოიოტას“ (LC -150)-ს, რომლიც თბილისში ,,სიტი პარკს“ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (საცხოვრებელი ბინის წინ) სამჯერ ჰყავს დაჯარიმებული.

გუბერნატორის ადმინისტრაციას ემსახურება:
1. ტოიოტა ლენდკრუიზერი LC 200 (2012 წლის გამოშვება)
2. ტოიოტა ლენდკრუიზერი LC 150
3. ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო
4. ,,მიცუბიში“ L 200
5. სამი ერთეული – ,,შკოდა ოქტავია“
6. ერთი ერთეული – ვაზ #21213

2017 წლის 25 დეკემბერს გუბერნატორის ადმინისტრაციამ 28,6 ტონა ,,რომპეტროლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავის ტალონები შეიძინა. ჯამში 60 000 ლარის ღირებულების. აქედან 2018 წლის იანვარში 4,2 ტონა გამოიყენეს, მიღება-ჩაბარების აქტები უკვე გააფრომეს.

28,6 ტონა ბენზინიდან 10 ტონა, 2 მანქანაზე, კერძოდ, გუბერნატორის სახელზე განპიროვნებულ ,,ტოიტოტა ლენდკრუიზერ LC 200”-სა და  ,,მიცუბიში L200”-ზეა გათვალისწინებული.

დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ ცალკე აღებულ 10 ტონა ბენზინიდან, მიმდინარე წლის იანვარში, 1,2 ტონა უკვე დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მანქანები არაერთხელ არის დაჯარიმებული დგომის წესების დარღვევისთვის, თუმცა ჯერ არცერთი ჯარიმა გადახდილი არ არის.