“შენი იდეა ქალაქის მერს” – დედაქალაქში ახალი ელექტრონული პორტალი ამუშავდა

1297

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ელექტრონული პორტალის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, პორტალზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ატვირთოს საკუთარი პროექტი, რომლის გარშემოც მოქალაქეებს შეეძლებათ მსჯელობა, ხმის მიცემა, გაზიარება. შემდეგ კი ყველაზე საინტერესო პროექტები ქალაქის მერს გადაეგზავნება.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ესაა სივრცე, სადაც მოხდება იდეების გენერირება და მოქალაქეებისთვის გაზიარება.

თუ მოქალაქეს სურს, თავად შესთავაზოს ქალაქს იდეა, მან უნდა გაიაროს პლატფორმაზე რეგისტრაცია, რის შემდეგაც მას შეეძლება, შექმნას თავისი ვირტუალური სივრცე. იმისათვის, რომ იდეა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ის აუცილებლად თვითმმართველობის კომპეტენციას უნდა ეხებოდეს, იდეა უნდა იყოს კონკრეტული, ინოვაციური და დასაბუთებული.

„ეს არის ახალი ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, ზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამცირებს მანძილს მოსახლეობასა და ქალაქის ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა კალაძემ ვებპორტალის პრეზენტაციაზე.