რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

431

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტ ჰერვიგ ვან სტაასთან სტრასბურგში შეხვედრები გამართა.

ამ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელბს. შეხვედრებზე ყურადღება საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გამახვილდა. როგორც თენგიზ შერგელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, ამ რეფორმით მოხდება რეალური დეცენტრალიზაცია და ჩამოყალიბდება სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითმმართველობები.

შეხვედრაზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და კონგრესის პრეზიდენტთან მოხდა შეთანხმება, რომ თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან. სამინისტროს ინფორმაციით, თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ. სამინისტროს განცხადებით, მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.

“ყურადღება დავუთმეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმების გატარებას, რომრლსაც ახლა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი განიხილავს და რომელიც უნდა გახდეს დემოკრატიული მმართველობის გარანტი რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებში”, – განაცხადა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტმა ჰერვიგ ვან სტაამ. მისი თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება მიდის ამ მიმართულებით, ევროსაბჭოს მუდმივად კარგი ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან, ახლაც საჭიროა, ეს ურთიერთობები განვითარდეს და წარმოდგენილი პროგრამა დააკმაყოფილებს ევროსაბჭოს მოთხოვნებს.

“არსებობს დიდი ინტერესი ძალიან ბევრი თემის მიმრათ, რომელიც საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვას და ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის თვითმმართველობის განვითარებას უკავშირდება. შევთანხმდით, რომ იქნება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რაც დაგვაზღვევს იმ გაუგებრობებისგან რაც ხშირად ცალკეულ დოკუმენტებში ჩნდება ხოლმე”, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

იხილეთ რესურსი