დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესია გაიხსნა

419

დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესია გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ. დღესვე ევროსაბჭოს რეგიონული ხელისუფლების კონგრესი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ სესიაზე საქართველოს საკითხის განხილვისას გაიმართება დებატები, რის შემდეგაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. შერგელაშვილი საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.

სესიაზე საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ თბილისის მერი გიგი უგულავა, ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ტყემელაძე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა აბულაძე და სხვები.

იხილეთ რესურსი