ზაზა გაბუნია: ირაკლი კობახიძის დახმარებით ჩვენი დეცენტრალიზაციის გეგმას ამერიკული საზოგადოება გაეცნო

808

პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესახებ აშშ-ში მყოფ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის დეცენტრალიზაციის სტრატეგია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მნიშვნელობის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც გულისხმობს მმართველობის სისტემის ხალხთან დაახლოებას, ფინანსურად თვითკმარ და საჭირო უფლებამოსილებებით აღჭურვილ ადგილობრივ ხელისუფლებებს, ეფექტურად ფორმირებულ და კარგად მიწოდებულ სერვისებს მოსახლეობისათვის, მეტი ინსტრუმენტების გაჩენას საკუთარი ქალაქის, დაბის და სოფლისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების მეტი ჩართულობისათვის და რაც, თავის მხრივ, ნიშნავს მაღალ სოციალურ სოლიდარობას საზოგადოებაში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სწორი და თანამედროვე ხედვა და მოხარული ვარ, რომ ამ ხედვას ირაკლი კობახიძის მოხსენების საშუალებით ამერიკული საზოგადოება გაეცნო“, – თქვა ზაზა გაბუნიამ.

ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში,  ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა. კობახიძემ დეცენტრალიზაციის გეგმის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვა გვაქვს“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დეცენტრალიზაციის გეგმის შესახებ, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მთავრობის სხდომის დამტკიცებამდე ვრცლად ილაპარაკა. “უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას”, – თქვა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია და აქვე განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.