ირაკლი კობახიძე: დეცენტრალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა გვაქვს

1454

“დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვა გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში თქვა, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ დაბალია.

„ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი ამბიციური მიზანი, რომელიც მმართველობის სისტემაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. ეს რეფორმა განხორციელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დეცენტრალიზაციის გეგმის შესახებ, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მთავრობის სხდომის დამტკიცებამდე ვრცლად ილაპარაკა. “უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას”, – თქვა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია და აქვე განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.