გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატის დაკავებას მის წარსულ საქმიანობას უკავშირებს

740

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატის გივი ძმანაშვილის დაკავება მის 2014-2015 წლების საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ კი საქმე, სავარაუდოდ, გივი ძმანაშვილის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდს ეხება. ინფორმაციას guardian.ge ავრცელებს.

ტარიელ ჯანხოთელი დასძენს, რომ გივი ძმანაშვილის დაკავება „ქართული ოცნების“ რეპუტაციაზე ვერ იმოქმედებს.

“იქნება სასამართლო სხდომა, იმედია, რომ გამართლდება. თუ დადასტურდება მისი ბრალეულობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში დაისჯება კიდეც. როგორც კი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედებთ, ეყოლება თუ არა ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებს“ ახალი თავმჯდომარე” – თქვა ტარიელ ჯანხოთელმა.

გარდაბნის საკრებულოს წევრი გივი ძმანაშვილი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 8 თებერვალს დააკავეს.