“მერების კლუბი” იქმნება

540

“მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ – ამ თემაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრის ფარგლებში ექსპერტმა გიორგი აბულაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა გააცნო.

“მერების შეთანხმებას“ თიანეთის მუნიციპალიტეტი 2015 წლიდან შეუერთდა და აიღო ვალდებულება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით, 2020 წლისთვის 20 %-ით მაინც შეამციროს CO2-ის ემისია. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, თამაზ მეჭიაურმა გამოთქვა მზადყოფნა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ, “მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად”,-აცხადებენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ “პროგრამის ფარგლებში შეიქმნება მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა (ე.წ. მერების კლუბი), სადაც გაწევრიანდებიან საზოგადოებრივი და კერძო, ადგილობრივი და ცენტრალური ინსტიტუციები (ხელმომწერები, მხარდამჭერები, კოორდინატორები და შესაძლო დამფინანსებლები / დონორები).

ამასთან, მოხდება ინფორმაციის გაცვლა ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში ცოდნისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს დაეხმარება, შეასრულონ “მერების შეთანხმების“ წინაშე აღებული ვალდებულებები.