რეაბილიტაციაში დაკარგულები – ქუთაისელები კვლავ 24-საათიან წყალმომარაგებას ელიან

1190

გახსოვთ კამპანია „წყალი ყველას“? – ის 2011 წელს დაიწყო და მიზნად, პირველ რიგში, ქუთაისის უწყლოობის მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრას ისახავდა.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვებგვერდი ქუთაისში წყალმომარაგების გაუმჯობესების შესახებ გაცემული დაპირებების კარგი მემატიანეა – პირველი დაპირება 2010 წელს გაიცა, როცა ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ჩავიდა და სამუშაოები მოინახულა. მაშინ ითქვა, რომ 40 ათას აბონენტს წყლის მიწოდების გრაფიკი გაუუმჯობესდა და ორ დღეში ერთხელ კი არა, ყოველდღიურად იღებდა წყალს.

2011 წელს უკვე გვამცნეს, რომ „ქუთაისში კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის განხორციელება  დაიწყო“, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ ლარზე მეტი იყო და, რომ ქუთაისის მოსახლეობის 70% ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე უკვე გადავიდა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა.

2012 წელსაც ვითხრეს, რომ „ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ახალი პროექტი დაიწყო“ და ქუთათურებს დაპირებაც მისცეს, რომ პროექტი 2014 წელს დასრულდებოდა და 2015 წლიდან ქუთაისის მოსახლეობა უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიდოდა.

2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც, მორიგი გრანდიოზული პროექტი – ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგების 60-მილიონიანი პროექტი დაიწყო. მაშინ აღმოჩნდა, რომ 40 ათას აბონენტს და, მით უფრო, ქალაქის 70%-ს ყოველდღიური წყალმომარაგება სულაც არ ჰქონია და ახალი პროექტის განხორციელების შემდეგ 14 000 ოჯახს 24-საათიანი, 36 000 ოჯახს კი გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნებოდა. ქუთაისს წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად ამ პროექტიდან 26 422 935 ლარი შეხვდა. თანხა კი კვლავ აზიის განვითარების ბანკმა გამოყო.

2015 წელს, მაშინ, როცა 2012 წლის დაპირების თანახმად, სამუშაოები 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების ახალი თარიღი დაგვისახელა – 2016 წელი.

ამასობაში, 2015 წელსვე, აზიის განვითარების ბანკმა მორიგი – 86-მილიონიანი ტრანში გამოყო. 24-საათიანი წყალმომარაგების ვადამ, ცხადია, ამჯერადაც გადაიწია – ახლა ქუთათურები 2018 წელს ელიან, როცა, ბოლო დაპირების თანახმად, მათ ონკანებში წყალი 24 საათის განმავლობაში უნდა მოჩქეფდეს.

თითოეული ახალი პროექტის დაწყებასა და საბოლოო ვადის დათქმას უწყება იმით ხსნიდა, რომ პროექტი რამდენიმეფაზიანი იყო. ბოლო ინფორმაცია მეორე ფაზის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და კიდევ ერთხელ გვამცნო, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. თუმცა, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წყალმომარაგების კომპანიის არქივიც ნათლად მოწმობს, რომ ეს რვაწლიანი ფაზები არასდროს სრულდება.

ამასობაში კი, წყალმომარაგების პრობლემა ქუთაისისთვის ათწლეულებია, ყველაზე მტკივნეულ თემად რჩება – სასმელი წყალი მოსახლეობის უმეტესობას დღესაც გრაფიკით მიეწოდება. არის უბნები, სადაც ონკანი თავის დანიშნულებას მხოლოდ ორ დღეში ერთელ, ან უფრო იშვიათად ასრულებს.

ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას მოსახლეობა, ცხადია, აღტაცებით შეხვდა, თუმცა, 24-საათიანი წყალმომარაგება ამ დრომდე ფანტასტიკის ჟანრის ოცნებაა.

სამაგიეროდ, წყლის პრობლემას გზის პრობლემაც დაემატა. ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების ფარგლებში ქუჩები წლებია გადათხრილია. რაკი ცენტრალური მაგისტრალის გარდა კორპუსებთან თუ კერძო მოსახლეობის სახლებთან დამაკავშირებელი ქსელიც იცვლება, მთელს ქალაქში გადაადგილება გართულებულია. ქუთაისელები სამუშოების მიმდინარეობის რიტმით უკმაყოფილონი არიან. droa.geსთან საუბარში არ მალავენ, რა იწვევს მათ ეჭვებს და გულისწყომას.

„მთლიანი ქსელის რეაბილიტაცია ხდება და გასაგებია, რომ ამ მასშტაბის სამუშაოებს დისკომფორტიც ახლავს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ქუთაისმა წყალი ვერ მიიღო.  სამაგიეროდ, მიიღო  გადათხრილი ქუჩებით გამოწვეული დისკომფორტი. ქუჩები არის თვეობით მიტოვებული, გადათხრილის გასწორება ჭიანურდება და ა.შ. ბუნებრივია, ამას მოჰყვება მტვერი, სიბინძურე, აუტანელია ქუჩებში გადაადგილება. წვიმიან ამინდში არის ტალახი და ზოგიერთი ქუჩა სოფლის ორღობეებს დაემსგავსა. ნათელი მაგალითად, თუ რა პრობლემებია ქალაქში, გამოდგება ასათიანის ქუჩა, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა. ეს ქუჩა, უკვე თითქმის 2 წელია, გადათხილია. მოხდა მისი ნაწილობრივი რეაბილიტაცია – შუაში, ცენტრში დააგეს ასფალტი, გვერდები ისეა დატოვებული და ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. გაკვირვებას და შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ ერთი და იგივე ადგილები რამდენჯერმე ითხრება. გადათხრიან ქუჩას, ისევ მიწას მიაყრიან, ეს პროცესი დაუსრულებელია და ბუნებრივია, ეჭვებს იწვევს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხები და რამდენად კვალიფიციურად სრულდება სამუშაოები“, – აცხადებს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

„ძალიან დიდი დრო მოიცვა ამ სამუშაობის შესრულებამ. ვერ დასრულდა. არ ვიცი, რა  ხარისხის მილებს იყენებენ – აღმოჩნდება, რომ ერთი მილი დააერთეს, უნდა გაუშვან წყალი და გაფუჭდება ეს მილი. როგორც შადრევნები, ისე მოდის ქუჩებში წყალი. მაგალითად, აპონოვის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილას მოხდა ეს. მესმის, რომ ძველი მილები იყო შესაცვლელი, მაგრამ, ახალი მილების დაერთების შემთხვევაში, ამ მილების ტესტირება რატომ ვერ ხდება ისე, რომ მერე აღარ იყოს პრობლემა, არ ვიცი. ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობას კომფორტს ვერ უქმნის, უფრო პირიქით. მით უმეტეს, თუ წვიმს, არასასურველი გარემოა. პრობლემად რჩება სანიაღვრე სისტემებიც, რომელიც, პრაქტიკულად, არ არსებობს. მაგალითად, ახლადრეაბილიტირებულ თამარ მეფის ქუჩაზე წყალი დგება და ადამიანები ვერ გადაადგილდებიან. მთელი ზაფხულის განმავლობაში გადათხრილი იყო გელათის ქუჩა, რომელსაც გელათის ტაძრამდე მივყავართ და სავსე იყო ტურისტებით. ამის მიუხედავად, ქუთაისში 24-საათიანი წყალმომარაგება არც ერთ უბანს არ აქვს. ერთადერთი ავტოქარხნის დასახლებაა, სადაც 18 საათი არის წყალი. გვპირდებიან 24-საათიან მომარაგებას, მაგრამ რამდენად იქნება, არ ვიცი. თუმცა, ქუთაისელები უკვე იმდენად დავიღალეთ, რომ 18-საათიან წყალზეც თანახმა ვართ“, – აცხადებს  droa.geსთან საუბარში ადგილობრივი რადიო “ძველი ქალაქის” ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საქართველოს 2012 წლიდან კრედიტს აზიის განვითარების ბანკი აძლევს. წლების განმავლობაში სამუშაოებს ჯერ მუნიციპალური განვითარების ფონდი, შემდეგ ესპანური კომპანია “Cobra Instalaciones y Servicios SA”, 2015 წლიდან კი თურქული კომპანია  „SMK Ulusal Insaat“ ახორციელებს, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სახელმწიფო შპს-მ, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, საერთაშორისო ტენდერით შეარჩია.

თურქული კომპანიის მუშაობის ხარისხით და ტემპით უკმაყოფილება დამკვეთმაც გამოთქვა და, სათაო ოფისთან შეთანხმებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მენეჯმენტი რამდენჯერმე შეცვალა. თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე droa.geსთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამას შეფერხება არ გამოუწვევია და სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტის დასრულებაც საბოლოოდ დათქმულ დროს – 2018 წლის ზაფხულში იგეგმება.

„ჯერჯერობით, სამუშაოები კონტრაქტის გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ასევე დასრულდება. ამ ეტაპზე ინფორმაციისთვის შემიძლია გითხრათ, რომ გამანაწილებელი ქსელი, რომლის რეაბილიტაციასაც პროექტი ითვალისწინებდა, დაახლოებით 260 კმ-ია. 240 კმ უკვე დამონტაჟებულია, მათ ნაწილს უკვე ჩაუტარდა ჰიდრავლიკური ტესტირება, ჩაუტარდა დეზინფექცია, ნაწილი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და მოსახლეობა ახალი სისტემიდან იღებს სასმელ წყალს. მიმდინარეობს რეზერვუარების და სატუმბი სადგურების სამშენებლო სამუშაოები. ჯერჯერობით, არ არის 24 საათზე საუბარი, თუმცა, რამდენიმე ქუჩა გადავიდა მუდმივ წყალმომარაგებაზე, მაგრამ ძირითადი შედეგი, რასაც ველოდებით, მხოლოდ პროექტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა დასრულდება ახალი გადამცემი მაგისტრალის მშენებლობა, ახალი სამარაგე რეზერვუარი და სატუმბი სადგური შევა ექსპლუატაციაში და ასევე დასრულდება მოსახლეობის გამრიცხველიანება. ეს უკვე მოგვცემს მნიშვნელოვან შედეგს. შედეგია ისიც, რომ ამ დროისათვის ნაწილს გაუუმჯობესდა მომარაგების საათები. იქ, სადაც ახალი ქსელი შევიდა ექსპლუატაციაში, შესაბამისად, ქუჩებში დაზიანებები აღმოიფხვრა. აღარ არის ამოდინებები, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას. ასე რომ, მცირე-მცირე ეფექტები გვაქვს,“ – აცხადებს ზაზა სიხარულიძე.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, ქუთაისის ქუჩებში 24-საათიანი ინტენსიური სამუშაოები იმიტომ ვერ მიდის, რომ მძიმე ტექნიკის, ესკავატორისა და კომპრესორის მუშაობა მოსახლეობას დამატებით დისკომფორტს შეუქმნის. კომპანიის წარმომადგენელს მოსახლეობის პრეტენზიებზეც აქვს პასუხი.

„მოსახლეობას შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ ქუჩა გაითხარა, მილი ჩაეწყო და რას ელოდებით? მილის ჩაწყობის მერე მიმდინარეობს ჰიდრავლიკური ტესტირება, ეს უნდა ჩაბარდეს, უნდა დაიწნეხოს შესაბამის სტანდარტებამდე, უნდა შემოწმდეს ყველა შეერთების ადგილი, რომ აბსოლუტურად გამართული იყოს და შემდგომში პრობლემა არ შეიქნას. მერე მიმდინარეობს გამორეცხვა ქსელის, ე.წ. დეზინფექცია, რომლის გარეშე და შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის გარეშე ქსელის გადართვა არ ხდება. ეს პროცედურებიც დროსთან არის დაკავშირებული. თუ ლაბორატორია გვიჩვენებს, რომ ქსელი არ არის ბოლომდე გაწმენდილი, გარეცხვის რეჟიმი ისევ გრძელდება და ხელახლა ხდება სინჯების აღება. ბუნებრივია, მოსახლეობა ამაში ჩახედული არ არის, ხედავს, რომ ქუჩა გაითხარა, მილი ჩაიდო და აღარ მთავრდება, მაგრამ ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს დროს, ეს უცებ არ ხდება. ძირითადი სამუშაო გამანაწილებელი ქსელის მოსაწყობად კომპანიამ უკვე დაასრულა.“ – ამბობს ზაზა სიხარულიძე.

როგორც ჩანს, ქუთაისის ქუჩები გადათხრილი კიდევ დიდხანს იქნება, რადგან თუ ვადებმა არ გადაიწია და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წელს მაინც დასრულდა, ამის შემდეგ კანალიზაციის სრულად აღდგენა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაა გეგმაში. ამ სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსები ქართულმა მხარემ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიიღო.

ქუთასის ყოფილი მერი შოთა მურღულია, რომელიც მანამდე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო, იხსენებს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალაქს უკვე მოძიებული ჰქონდა სახსრები სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტისთვის.

„თუ ვინმე გვეტყვის, რატომ დავიწყეთ წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2013 წელს და რატომ არ დაველოდეთ, 2016 წელს, როცა კანალიზაციისთვის ფული ვიშოვეთ და ერთად გაგვეკეთებინა ყველა სამუშაო, გეტყვით, რომ ვერ დაველოდებოდით. კანალიზაციის პროექტისთვის თანხა ჯერ კიდევ არ არის დარიცხული, რადგან ამას დიდი პროცედურები ახლავს. ამიტომ ლოდინი ალოგიკური იქნებოდა. შეიძლება, დღემდე ვერ მოგვეძიებინა თანხა კანალიზაციისთვის. ამიტომ 2013 წელს წყლის პროექტის დაწყება სწორი იყო“, – ამბობს მურღულია.

ყოფილი მერი ადასტურებს, რომ ქალაქში მართლაც რთული ვითარებაა – ქუთაისელებს ჯერ არც წყალი აქვთ და არც გზა. „რთული მდგომარეობაა ქუთაისში ნამდვილად, მაგრამ ვცდილოდით და ახალი მერიც  ცდილობს, რომ გავლა შეიძლებოდეს. შეიძლება სრული კომფორტი ვერ იყოს, იმიტომ, რომ მალე უნდა დაიწყოს კანალიზაციის პროექტი და ახლა ცენტრალური  გზების გაკეთებას აზრი არ აქვს, მაინც გადაჭრა მოუწევთ. 2 წელია,  ვცდილობთ რომ გზები გავლადი იყოს. მათ კაპიტალურ შეკეთებას აზრი არ აქვს, რადგან მაინც უნდა გაიჭრას და ამიტომ უფრო ძვირი დაჯდება. ყველას უნდა, რომ გაპრიალებული გზები იყოს, მაგრამ გაპრიალებული გზები ვერ იქნება, სანამ ბოლომდე არ შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სხვა გზა არ გვაქვს, თუ გვინდა, რომ დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, რაღაც პერიოდი მოთმენა გვიწევს.“ – აცხადებს შოთა მურღულია.

არსებული და მოსალოდნელი რეალობის გათვალისწინებით, ქუთაისელებს კიდევ დიდხანს მოუწევთ წყლის გრაფიკით მიღებაც და გადათხრილ ქუჩებში სიარულიც. შედეგი, რასაც მუდმივი წყალმომარაგება ჰქვია, ბოლო სამი წლის დაპირების თანახმად, 2018 წლის ბოლომდე უნდა მიიღონ. მანამდე კი, 8 წლის განმავლობაში დახარჯული 300 მილიონზე მეტით, ქუთათურებს შედეგი ასეთი აქვთ – წყალი კვლავ გრაფიკით და გადათხრილი, გაუვალი ქუჩები.

გამოყენებულია newpress.ge-ს და topnews.com.ge-ს ფოტოები