„ხელისუფლება საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს“ – პრემიერ-მინისტრი

466

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის რეგიონული თვითმმართველობების გაძლიერება პრიორიტეტული საკითხია.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პრობლემას, რომ საზოგადოებას აკლია მოვლენებში ჩართულობა, ის ვერ ასრულებს ფილტრის როლს, რომ ხელისუფლება აკონტროლოს. პრობლემა აქედან მომდინარეობს, ჩვენ ვერ ვისწავლეთ ქვეყნის მართვა, სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივაა გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობები და მოსახლეობამ მართოს და აკონტროლოს ხელისუფლება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, ახალი ინიციატივის თანახმად, შეიქმნება ორდონიანი მმართველობა; გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რიცხვი; ჩამოყალიბდება თემები, რომელთა ბაზაზე მუნიციპალიტეტები დაარსდება; ხოლო მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. 3 500 სოფელში თვითმმართველობების საბჭოები შეიქმნება, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეფორმის მიხედვით, მმართველობის დეცენტრალიზაცია მოხდება და საზოგადოება ხელისუფლების კონტროლს მეტად შეძლებს. რეგიონული თვითმმართველობის საკანონმდებლო ინიციატივა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მინისტრთა კაბინეტს უკვე წარუდგინა.

იხილეთ რესურსი