ვანში იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა

587

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მოეწყო. ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ღონისძიების მიზანია, რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება.

პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება.

პრეზენტაციის შემდეგ, ჰაბის ინიცირებით გაიმართა დისკუსია, ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს, შექმნას რეგიონის ყველა აქტორთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია.

ღონისძიება ორგანიზებულია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ,”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. 

პროექტს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით ახორციელებს. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პროექტი მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთშიც, სადაც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე რეგიონული ჰაბი მუშაობს.