ბიძინა ივანიშვილი: ინფრასტრუქტურის პროექტების რაოდენობა და ხარისხი გაიზრდება

506

რეგიონებში ინფრასტრუქტურეული პროექტების რაოდენობა და მათი შესრულების ხარისხი გაიზრდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრის დასაწყისში ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ყოველთვის იყო მისი გუნდის პრიორიტეტი.

პრემიერის შეფასებით, საზოგადოებას აკლია ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობებში და ვერ ასრულებს ფილტრის როლს, ვერ ახერხებს აკონტროლოს ხელისუფლება.

ამიტომ, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნდა დაირღვეს „დემოკრატიული ცენტრალიზმი“, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და მართვის ძალიან ბევრი ბერკეტი უნდა გადაეცეს რეგიონებს.

ბიძინა ივანიშვილის იფორმაციით, მზადდება ინიციატივათა პაკეტი. რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი – მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, გაიზრდება თვითმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც  ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო მათი მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. 3500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები, რომლებიცგადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთვებიან.

ივანიშვილის განცხადებით, წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 140 მილიონით მეტია 2012 წელთან შედარებით. პრემიერის თქმით, გამჭვირვალე გახდება რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადების პროცესი, რაც ადრე არ არსებობდა. გარდა ამისა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე 50 მილიონია გამოყოფილი, რომელიც ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გზების, ხიდების შეკეთებას და სხვა პროექტებს მოხმარდება.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლებიც დაგეგმილი იყო და მათ ახალი პროექტებიც დაემატება.

მისივე თქმით, გაგრძელდება ისეთი მასშტაბური პროგრამები, როგორიცაა მაგისტრალური გზების მშენებლობა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაიზრდება მსგავსი პროექტების რაოდენობაც და ხარისხიც.

იხილეთ რესურსი