სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე რეგიონული ჰაბი მუშაობს

1203

სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების გაძლიერება და მათი ინიციატიავების ფინანსური მხარდაჭერა აქვს მიზნად რეგიონულ ჰაბს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გასული წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხსნა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბი  ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” ბაზაზე ამოქმედდა პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში სულ ათი ასეთი ჰაბი გაიხსნა. თითოეულ რეგიონში ამ ფუნქციას ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ითავსებს, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ადგილობრივ რეგიონულ ჰაბს.

რეგიონული ჰაბების სამიზნე ჯგუფებია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები, ბიზნესსექტორი, მედია, მოხალისეები და ახალგაზრდები.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ჰაბმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ახალციხეშიც და ახალქალაქშიც. შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომელზეც ამ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. უკვე არსებობს პრობლემათა ჩამონათვალი და ახლა ჰაბის კოორდინაციით ადგილობრივი ორგანიზაციები მათ ანალიზზე მუშაობენ.

გარდა ამისა, ადგილობრივ საჭიროებებზე დისკუსიისთვის იგეგმება შეხვედრები როგორც ახალციხის, ისე ახალქალაქის მერებთან.

ეს მიმართულება ჰაბის საქმიანობის მხოლოდ ნაწილია. პროექტის ფარგლებში რეგიონული ჰაბები  110-ზე მეტ აქტივობას განახორციელებენ. დაგეგმილია 80-მდე მცირე გრანტის გაცემაც,  ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერაა დაფინანსებული. მისი საერთო ბიუჯეტი 5.07 მილიონი ევროა (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მილიონი ევრო).

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

რეგიონული ჰაბები 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებენ.