“ნაციონალური მოძრაობა” შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითხოვს

857

“ნაციონალური მოძრაობის” შუახევის ორგანიზაციის წევრი სოსლან ზოიძე შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიის მოუწესრიგებლობაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, მერიის უკანა ეზოში, სადაც ფერდსამაგრი სამუშაოების მოწყობა ჯერ კიდევ გასული წლის 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, სამუშაოები შეჩერებულია. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.

ზოიძე ამბობს, რომ ამ პროექტისთვის მერიიდან 127 ათასი ლარი დაიხარჯა. სოსლან ზოიძე მუნიციპალიტეტის მერს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს და მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას მოითხოვს.

შუახევის მერიაში კი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობს. მერის ფრიდონ ფუტკარაძის თქმით,  მიმდებარე ტერიტორია სამუშაოების შემდეგ მოეწყობა და გამწვანდება.

„სამუშაოები ეხლაც მიმდინარეობს აღნიშნულ ტერიტორიაზე, უახლოეს პერიოდში რაც დასრულდება და შემდგომში რა თქმა უნდა მოხდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც და მისი გამწვანებაც. გარდა აღნიშნული ობიექტისა მუნიციპალიტეტში გვაქვს რამოდენიმე ობიექტი რომელიც 2018 წელში გადმოვიდა, როგორც გარდამავალი ღონისძიება , გარდამავალი სამუშაოების ჩატარება გამოწვეულ იქნა ძირითად შემთხვევაში ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე დიდთოვლობიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში თივთონ მეწარმეების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამოც იყო განპირობებული და შესაბამისად ჩვენს მხრიდან გატარებული იქნა სამართლებრივი ღონისძიებები“- ამბობს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე.