ზუგდიდის მერიას ბაგა-ბაღების პერსონალისთვის ხელშეკრულებების გვიან დადებაში ადანაშაულებენ

715

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი წითლიძე ზუგდიდის მერიას ბაგა-ბაღების პედაგოგებთან და პერსონალთან ხელშეკრულებების დაგვიანებით გაფორმებაში ადანაშაულებს. წითლიძის თქმით, ამის გამო ბაღების პერსონალი დაზარალდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მისი განმარტებით, თანამშრომლებმა დაკარგეს იმ რამდენიმე დღის ანაზღაურება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ხელფასი ჯერ არ აუღიათ.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ზუგდიდის მერიაში. მერის მოადგილე მაიზერ ნანავას განმარტებით, 12 იანვარს ჩამოყალიბდა სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრი, რისი მიზეზიც მუნიციპალიტეტების გაერთიანებების პარარელურად, თემსა და ქალაქში მოქმედი ცენტრების გაერთიანება იყო.

მაიზერ ნანავას თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, 18 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულებები თანამშრომლებთან, 22 იანვარს კი ბაღებმა მუშაობა განაახლეს.

რაც შეეხება შრომით ანაზღაურებას, თანხა უკვე გადარიცხულია.