,,რაბათის ციხეს” ახალი დირექტორი ჰყავს

1692

“რაბათის ციხის”, იგივე “ახალციხის ციხის” ახალ დირექტორად დავით ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც 2012–2016 წლებში, „ახალციხის ციხის“ მარეგულირებელ სამსახურში მუშაობდა. ის ახალ თანამდებობაზე 5 თებერვალს დაინიშნა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ამ პოზიციაზე მან ზაზა თამარაშვილი შეცვალა. ზაზა თამარაშვილის მსგავსად, დავით ტაბატაძემაც ციხის დირექტორის პოზიციაზე მერის მოადგილეობიდან გადმოინაცვლა. დავით ტაბატაძე რიგგარეშე არჩევნებზე არჩეული მერის, ვლადიმერ ზედგინიძის, ზაზა თამარაშვილი კი თვითმმართველი ქალაქის პირველი მერის, გიორგი კოპაძის მოადგილე იყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე „ახალციხის ციხის“ დირექტორის შეცვლას მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირებს:

„ბატონი ზაზა [ციხის ყოფილი დირექტორი. ს.კ.] ძალიან კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, ძალიან აქტიური და კარგი ხელმძღვანელი იყო, შესაძლებელია სადმე სხვაგან გააგრძელოს მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ბატონი დავითიც გააგრძელებს ციხის კარგად ხელმძღვანელობას“. – ამბობს ზაზა მელიქიძე.

დავით ტაბატაძე „ახალციხის ციხის“ მეექვსე დირექტორია. გახსნიდან დღემდე, ციხე რამდენჯერმე იყო დირექტორის გარეშე ხანმოკლე პერიოდით და ამ პერიოდებში ციხეს ჰყავდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები.

„ახალციხის ციხე“ 2012 წლის აგვისტოში გაიხსნა. ახალგახსნილი ტურისტული ობიექტი მაშინ ნოდარ გოროხოვს ჩააბარეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს ციხის დირექტორად ბესიკ ბლიაძე დანიშნეს.

დავით ტაბატაძე