2018 წელს რუსთავში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რეგფონდიდან 8.5 მილიონი ლარი დაიხარჯება

2018 წელს რუსთავში დაგეგმილი პროექტები უმეტესად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რუსთავის მუნიციპალიტეტს 8 597 494 ლარი გამოეყო. ამ თანხას ქალაქი 7 ინფრასტრუქტურულ პროექტს მოახმარს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მშვიდობის ქუჩის ასფალტ-ბეტონით რეაბილიტაციით დაიწყება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 1,392,000 ლარია გათვალისწინებული.

ასევე, დაგეგმილია რუსთავში მარჯვენა სანაპიროს გზებისა და ეზოების  საფარის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემების მოწყობა, რომლისთვისაც რეგფონდმა  1,157,381 გაითვალისწინა. ამავე ქალაქში მარცხენა სანაპიროს გზებისა და ეზოების  საფარის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემების მოწყობა 2,227,511 ლარით დაფინანსდება, ხოლო ბალანჩივაძის ქუჩის მ/ტ (ბალანჩივაძის N2,3,4,5,6,7,10,12,14,, ბალანჩივაძის გასავლელი N4,6,8,10,N9 სკოლის წინ) საცხოვრებელი კორპუსების ეზოების ასფალტ-ბეტონის საფარის რეაბილიტაცია და სანიაღვრე ქსელის მოწყობა – 917,964 ლარით.

რუსთავში, ასევე, გეგმავენ ნ. ნიკოლაძის ქუჩის მ/ტ (ნ.ნიკოლაძის N3,5,7,9,6ა, რუსთაველის 39) საცხოვრებელი კორპუსების ეზოების ასფალტ-ბეტონის საფარის რეაბილიტაციასა და სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რისთვისაც რეგფონდში 543,620 ლარია გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს გორის ქუჩის ჩიხების, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ჩიხების,ყაზბეგის ქუჩის ჩიხების, ვახუშტის ქუჩისა და იალღუჯის ქუჩის რეაბილიტაციას, რისთვისაც ცენტრალურ ბიუჯეტში 1,440,723 ლარია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, ქალაქის მე-11 მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისი მოეწყობა, რაზეც რეგფონდიდან 918,295 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები