წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 2018 წლისთვის რეგფონდიდან 3 პროექტი დაუფინანსდა

952

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 პროექტისთვის 2 399 573 ლარი გამოუყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპი განხორციელდება. ამისათვის კი ცენტრალური ბიუჯეტიდან 642,514 ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, ამ მიმართულებით ერთი პროექტია დაგეგმილი. კერძოდ, მიქავას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია რეგფონდიდან 1,317,059 ლარით დაფინანსდება.

გარდა ამისა, ქალაქ წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მოხდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში 440,000 ლარია გათვალისწინებული.