ფოთს რეგფონდიდან 4.5 მილიონი ლარის ღირებულების 5 პროექტი დაუფინანსდა

920

ფოთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 პროექტი 4 573 912 ლარით დაუფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, განხორციელდება მალთაყვის სანაპირო ზოლის, მათ შორის, მისასვლელი გზის, რეაბილიტაცია, რაზეც რეგფონდიდან 2,654,202 ლარი დაიხარჯება.

ამავე ფონდიდან 1,099,860 ლარით დაფინანსდება სტადიონის რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე (სამეგრელოს მოედნიდან რუსთაველის რკალამდე), რისთვისაც ცენტრალურ ბიუჯეტში 439,850 ლარია გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რისთვისაც რეგფონდიდან 190,000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობაზე 190,000 ლარი დაიხარჯება.