ლანჩხუთში ადგილობრივები გზებზე მძიმეწონიანი მანქანებისათვის მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ

481

ლანჩხუთის სოფლების: ნინოშვილი, გულიანი და ჩოჩხათი, მოსახლეობა ოზურგეთი-ლესას ცემენტოვან გზაზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შეზღუდვას მოითხოვენ. მათ საპროტესტო აქცია გამართეს სოფელ ნინოშვილის ცენტრში. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

მოსახლეობა მშენებარე ავტობანის გრიგოლეთის 12-კილომეტრიან მონაკვეთზე მომუშავე კომპანიის კუთვნილი ტვირთმზიდების ხშირ მოძრაობას აპროტესტებს, რომლებსაც კარიერი ოზურგეთის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსასთან აქვთ და ინერტული მასალის გრიგოლეთში ტრანსპორტირებისათვის ოზურგეთი ლესას ცემენტოვან გზას იყენებენ.

გზის ირგვლივ მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ მძიმე ტვირთმზიდების გახშირებული მოძრაობის გამო მათ საცხოვრებელი სახლის კედლები დაებზარათ, ცვივა სამშენებლო აგურები აშენებული სახლებიდან, მწყობრიდან გამოდის საავტომობილო გზა და მოითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან და კომპანიისაგან სასწრაფოდ შეიძღუდოს გზაზე 40 ტონაზე მეტი მოცულობის ტვირთმზიდების მოძრაობა.

ნინოშვილში შეკრებილებს დღესვე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ დაყენებული საკითხების შესწავლასა და მათთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას დაპირდნენ.