2018 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში 20 ინფრასტრუქტურულ პროექტზე 3 151 808 ლარი დაიხარჯება

1194

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აბაშის მუნიციპალიტეტში 20 პროექტზე 3 151 808 ლარია გამოყოფილი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანხის უმეტესი ნაწილი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

კერძოდ, აბაშაში დაგეგმილია აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფელ კოდორის მიმართლებით გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონით, რომელიც რეგფონდიდან 78,898 ლარით დაფინანსდება. მსგავსი სამუშაო ასევე ჩატარდება ცანავას ქუჩაზე, გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩამდე,  რისთვისაც 2,633 ლარია გათვალისწინებული, ხოლო გამსახურდიას ქუჩის მე-4 შესახვევში დაგეგმილ ანალოგიურ სამუშაოზე რეგფონდიდან 78,696 ლარი დაიხარჯება.

ამავე ფონდიდან 24,083 ლარით დაფინანსდება ნინოშვილის პირველი შესახევიდან იოსელიანის ქუჩის შეერთებამდე გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონის საფარით. ანალოგიური სამუშაოსთვის გეზათის ცენტრიდან სკოლის მიმართულებით 179,255 ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალზე გარეგანათების მოწყობა, რისთვისაც 394,511 ლარია გათვალისწინებული.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ აბაშის ცენტრში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება, რომელიც 965,812 ლარით დაფინანსდება. ამავე ქალაქის ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები 88,572 ლარით დაფინანსდება.

დაგეგმილი პროექტების მიხედვით, აბაშაში, ჩიქოვანის ქუჩაზე (ტაძართან), რკინიგზის გადასასვლელთან, კილასონიასა და გამსახურდიას ჩიხებში გარეგანათებისა და გზის რეაბილიტაცია მოხდება, რისთვისაც 67,795 ლარია გათვალისწინებული, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე, ვაჟა ფშაველას ქუჩის გადაკვეთამდე გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობაზე – 68,790 ლარი.

ქალაქ აბაშაში პროექტები ამით არ სრულდება. დაგეგმილია ჯორჯიკიას ქუჩიდან პურსაცხობის გავლით თავისუფლების ქუჩამდე გარეგანათებისა და გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონის საფარით, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში 59,506 ლარია გათვალისწინებული.

ასევე ჩატარდება სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ოფისის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც 220,144 ლარით დაფინანსდება.

ინფრასტრუქტურული პროექტები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც განხორციელდება. კერძოდ, დაგეგმილია აბაშის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თხმელარში გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონის საფარით, რისთვისაც 140,213 ლარია გამოყოფილი, ხოლო ანალოგიური სამუშაო სოფელ სუჯუნაში რეგფონდიდან 104,702 ლარით დაფინანსდება. ამავე ფონდიდან გამოყოფილი 300,008 ლარი სოფელ ზანათში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მოასფალტებისა და გარეგანათების მოწყობის სამუშაოებს მოხმარდება.

დაგეგმილ პროექტთა სიაშია სუჯუნა-გულეიკარი-ჯაპანის გზის გადასახვევიდან სატრაქტოროს ქარხნამდე გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონით, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 63,000 ლარი დაიხარჯება.

ასევე, დაგეგმილია სოფელ ზანათში მდინარე აბაშის ხიდიდან სკოლის მიმართულებით გზის მოწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48,752 ლარია გამოყოფილი.

განსახორციელებელი პროექტები ასევე მოიცავს სოფელ  მარანში ჯანელიძეების უბნიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე გზის მოწყობას ასფალტ-ბეტონის საფარით, რომელსაც 105,900 ლარი მოხმარდება.

ანალოგიური სამუშაო ჩატარდება სოფელ მაცხოვრისკარიდან სოფელ ძველის აბაშის მიმართულებით, რისთვისაც რეგფონდიდან 40,368 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სამუშაო განხორციელდება სოფელ მარნის ცენტრიდან სოფელ პირველი მაისის მიმართულებით, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 120,170 ლარია გამოყოფილი.