ipn – თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხზე შეხვედრები იწყება

481

თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ შეხვედრები იწყება. როგორც “ინტერპრესნიუსს” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოდან” აცნობეს, “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” (CTC) და “სათემო განვითარების ცენტრი” (CDC) სვანეთში ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ შეხვედრებს იწყებენ. პირველი შეხვედრა ხვალ, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე მესტიაში გაიმართება. სვანეთის შემდეგ შეხვედრები ჩატარდება მარნეულში, თელავსა და თბილისში.
ფონდის ინფორმაციით, პროექტს “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს “მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის” შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტ საკონსულტაციო შეხვედრასა და მრგვალ მაგიდას გამართავენ.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ სიახლეები და სხვა დამატებითი ინფორმაცია განახლდება ვებგვერდზე www.droa.ge. სიახლეები ასევე განთავსდება პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: თვითმმართველობის დროა.

 

წყარო