თიანეთში წელს ერთი საბავშვო ბაღი აშენდება, ორს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თიანეთის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის 5 ინფრასტრუქტურული პროექტი დაუფინანსდა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტს წელს პრიორიტეტად საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქვს. გარდა ამისა, დაგეგმილია ხიდის მშენებლობა და სახოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციაც.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ ღულელებისა და სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტებისთვის თანხის გამოყოფა უკვე გადაწყვეტილია.  სოფელ ღულელების საბავშვო ბაღზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 142,291 ლარი, ხოლო სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 274,257 ლარი დაიხარჯება.

გარდა რეაბილიტაციისა, მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება. ბაგა-ბაღი სოფელ სიმონიანთხევში აშენდება და მას სახელმწიფო ბიუჯეტი 261,161 ლარით დააფინანსებს.

თიანეთის ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ ზემო ნაქალაქარში (აშენების  უბანში) ხიდის მშენებლობასაც გეგმავს. ამისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 333,032 ლარი გამოიყოფა.

მიმდინარე წელს მოწესრიგდება, ასევე, რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც. კერძოდ, დაბა თიანეთში დაგეგმილია 9 აპრილის ქუჩა N8,  9 აპრილის ქუჩა N32, რუსთაველის ქუჩა N72-სა და ქუსნოს ქუჩაN9-ში მდებარე მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტს 290,603 ლარით დააფინანსებს.

ჯამში, ამ დროისთვის, თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 301 344 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები