დედოფლისწყარომ რეგფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 1 469 231 ლარი მიიღო

549

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 8 ინფრასტრუქტურული პროექტი 1 469 231 ლარით დაფინანსდა. პროექტების განსახორციელებლად თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

გამოყოფილი თანხის უმეტესობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, დაგეგმილია ქალაქ დედოფლისწყაროში, ლეონიძის ქუჩაზე, ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, რაზეც რეგფონდიდან 76,532 ლარი დაიხარჯება. მოწესრიგდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაც, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 173,973 ლარი გამოიყოფა.

ასფალტის საფარი რეაბილიტირდება 9 ძმის 1 შესახვევშიც. მისი რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 85,000 ლარია განსაზღვრული.

დაგეგმილია, ასევე, სოფელ ხორნაბუჯში, ვ. ფშაველას ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობაც და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 285,349 ლარი მოხმარდება.

გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტებიც განხორციელდება. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ზემო ქედში სასმელი წყლის მაგისტრალურ წყალსადენს, რისთვისაც რეგფონდიდან 378,813 ლარია გამოყოფილი. სოფელ არბოშიკში კი სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია მოხდება და მასზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 190,000 ლარი დაიხარჯება.

დაგეგმილია, ასევე, სოფელ ზემო მაჩხაანში სანიაღვრე არხის მოწყობაც, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტი 156,092 ლარს გამოყოფს.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც 2018 წელს განხორციელდება, სოფელ არხილოსკალოში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციაა. ამ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი 123,472 ლარით დააფინანსებს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.