ანაკლიასა და ურეკში წყალარინების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა შენდება

1158

ანაკლიასა და ურეკში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს-წყალარინების (კანალიზაციის) ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ატარებს.

სამუშაოების  დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 გამწმენდი ნაგებობა და თითოეული განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით (აზოტისა და ფოსფორის ელემენტების მოცილების ჩათვლით), რაც მნიშვნელოვანია გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის შესამცირებლად.

ბიოლოგიური მეთოდით გაწმენდილი წყალი, თანხვედრაშია გარემოს დაცვითი რეგლამენტის მოთხოვნებთან, შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ასევე, თანხვედრაშია საქართველოს მიერ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციით აღებულ ვალდებულებებთან.

ანაკლიასა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მიმდინარე მშენებლობის  საერთო ღირებულება 34 458 437 ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.