2018 წელს ზესტაფონის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი

146

2018 წელს იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 7 პროექტი განხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 998 865 ლარია გამოყოფილი და ის სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, თანხის უმეტესი ნაწილი კი ქალაქ ზესტაფონზე დაიხარჯება.

2018 წელს ქალაქ ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 694,430 ლარი გამოიყოფა.

ამავე ფონდიდან დაფინანსდება ქალაქის რამდენიმე გზის რეაბილიტაციაც. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 87,462 ლარი ზესტაფონში 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო 79,086 ლარი – ქალაქ ზესტაფონში, ფალიაშვილის ქუჩისა და ფარნავაზის პირველი ჩიხის რეაბილიტაციას.

ქალაქ ზესტაფონის გარდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა დაგეგმილი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. კერძოდ, ფუთის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის რეგფონდიდან 250,634 ლარია გათვალისწინებული, წიფლავაკის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის – 190,000 ლარი, სოფელ ილემის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის – 522,772 ლარი, ხოლო დაბა შორაპანში, ფარნავაზი–ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 174,481 ლარი დაიხარჯება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.