მთავრობა თვითმმართველობის რეფორმას იწყებს

366

საქართველოს მთავრობა თვითმმართველობის რეფორმას იწყებს. მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია უკვე შეიმუშავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. აღნიშნულ სტრატეგიას დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

მთავრობის მიერ სტრატეგიის მოწონების შემთხვევაში, რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოს  პარლამენტთან ერთად შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ქვეყანაში მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და რეალური დეცენტრალიზაცია განხორციელდება. რეფორმის პროცესში ჩაერთვებიან, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

სტრატეგიის  პრინციპები განსაზღვრავს რეფორმის ზოგად პოლიტიკას  და, აგრეთვე, მოიცავს 2013-2014 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

ქვეყანაში დღეს არსებული მაქსიმალურად ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოებრივი მომსახურების ადეკვატურ მიწოდებას მოსახლეობისათვის და ვერც გადაწყვეტილების  მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას. სიტუაცია კიდევ  უფრო მძიმდება კრიზისულ პერიოდებში, როცა გაუმართავი და არაეფექტური  სისტემა, არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესის დარეგულირების  ნაცვლად, დამატებით პრობლემებს წარმოქმნის”, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ახალი მთავრობა პრიორიტეტად აცხადებს დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით არსებითი რეფორმების განხორციელებას, რომელმაც მართვის დემოკრატიულობა და მოსახლეობისთვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის ზრდა უნდა განაპირობოს.

რეფორმის ამოსავალი პრინციპია  მოქალაქეების მაქსიმალური  გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. დაგეგმილი რეფორმების შედეგად თითოეულ  დასახლებაში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქეთა მართვაში უშუალო მონაწილეობის დემოკრატიული ინსტიტუტი. მოხდება სრულყოფილი მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია, თვითმმართველი ქალაქების  რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება ფუნქციური და მატერიალური  თვალსაზრისით, სამხარეო მმართველობის დონეზე  დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი კომპონენტები.

საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტთან ერთად 2013 წელს განახორციელებს ძირითად საკანონმდებლო  ცვლილებებს.

2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული  ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი  არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი  ეტაპი.

2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლად ჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა.

“ეს არის მსხვილმასშტაბიანი რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვერ მოვწყდით საბჭოთა სივრცეს, როდესაც მთლიანად ვერტიკალზე არის დაფუძნებული მართვის სისტემა ქვეყანაში. ამ რეფორმის შედეგად უნდა მივიღოთ მოდელი, რომლითაც იქნება კომპეტენციები გამიჯნული ხელისუფლების დონეებს შორის, ფინანსური რესურსი გამიჯნული და ისინი იქნებიან ანგარიშვალდებულნი თავისი მთავრობის მიმართ და არა ცენტრალური ვერტიკალის მიმართ”, – განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

იხილეთ რესურსი