ახმეტის სოფელი კასრისწყალი სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

1187

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და სოფელში გზის, სასმელი წყლის, მაღაზიის, ექიმის, აფთიაქისა და ინტერნეტის არარსებობა გააპროტესტა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ზემოთჩამოთვილი პრობლემების გამო სოფელი მოსახლეობისგან იცლება. მათი თქმით, სოფელში არსებულ პრობლემებზე დახმარებისთვის მაჟორიტარ დეპუტატსაც მიმართეს და დაპირებაც მიიღეს, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

კასრისწყლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, კერძოდ კი როგორც საზღვრისპირა და რაიონის ცენტრიდან შორს მდებარე სოფელს, გამონაკლისის სახით მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ამ სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება, რათა სოფელში მოხდეს მოსახლეობის დამაგრება და საზღვრისპირა ტერიტორია ნასახლარად არ იქცეს.