ვარკეთილის მეტროზე სასაუბროდ ფრაქცია “ევროპული საქართველოს” სხდომაზე მერიის წარმომადგენლები არ მივიდნენ

791

მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” სხდომაზე მერიის წარმომადგენლები არ მივიდნენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ოპოზიციის წევრებს მომხდარის შესახებ შეკითხვები ჰქონდათ ვიცემერთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან.

კერძოდ, აინტერესებდათ, რატომ ჩაიბარა მერიამ დაუსრულებული პროექტი მაშინ, როცა ხარისხი შემოწმებული არ იყო. გოკა გაბაშვილი მერიის მაღალჩინოსნების მერიაში მიუსვლელობას პოლიტიკურ უკულტურობას უწოდებს და აცხადებს, რომ მერიის მხრიდან შეხვედრის მზადყოფნა არსებობდა.

ოპონეტების ბრალდებას პასუხობენ მმართველ გუნდში. საკრებულოს უმრავლესობაშ განმარტავენ, რომ ოპოზიციის ეს ნაბიჯი ტრაგედიაზე პოლიტიკური შოუს მოწყობასა და პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება. ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ოპოზიციამ ყველა კითხვაზე პასუხი პარასკევს, კომისიების სხდომაზე მიიღო.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.